
22 აგვისტოს, სასტუმრო Rooms-ში ქართულ-აფხაზური ორგანიზაცია „ამრას“ ორგანიზებით კონფერენცია „შერიგების ფორმულა“გაიმართა.
ღონისძიებაზე, ქართულ ანბანზე დამყარებული აფხაზური დამწერლობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რაც, „ამრას“ დამფუძნებლების აზრით საზოგადოების ქართულ და აფხაზურენოვან წევრთა შორის ენობრივი ბარიერის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.
„კონფერენცია მიეძღვნა აფხაზურისთვის ქართული გრაფიკის შექმნისა და უკვე არსებულის განახლების საკითხს. პროექტი, რომელიც „ამრას“ ინიცირებულია გაუმარტივებს ქართველებს აფხაზური ენის შესწავლას. რაც, ჩემი აზრით ქართველებს და აფხაზებს დაგვეხმარება ერთმანეთს ვესაუბროთ მესამე ენის დახმარების გარეშე“, - დაურ ბუავა, „ამრას“ თანადამფუძნებელი.
პროექტი საფუძველს ჩაუყრის აფაზური ენის ათვისებას, დანერგვასა და ფართოდ გავრცელებას საზოგადოების ქართულ წევრთა შორის.
„ჩვენ ვფიქრობთ რომ პროექტი ხელს შეუწყობს შერიგებასა და საზოგადოების ქართული და აფხაზურენოვანი წევრების მეტად დაახლოებას“, - მიხეილ კვატაშიძე, „ამრას“ თანადამფუძნებელი.
ორგანიზაცია „ამრას“ ძირითად საქმიანობას სახალხო დიპლომატია წარმოადგენს. „ამრას“ მიზანია, აფხაზ ახალგაზრდებთან საერთო ენა პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებით გამოინახოს.