
ახალგაზრდული მოძრაობ “ამრას” დამფუძნებელმა, დაურ ბუავამ სტრასბურგში, დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
11 ნოემბერი 2023ახალგაზრდული მოძრაობ “ამრას” დამფუძნებელმა, დაურ ბუავამ სტრასბურგში, დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. დემოკრატიის რიგით მე-11 ფორუმის მთავარი თემა გახლდათ “დემოკრატია=მშვიდობას?”.
ახალგაზრდა აფხაზმა აქტივისტმა ფორუმის ფარგლებში, დახურულ შეხვედრებზე ისაუბრა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, რუსულ პროპაგანდაზე, კონფლიქტის მოგვარების თანამედროვე მიდგომებზე და იმ სამომავლო პროექტებზე, რომელსაც ახალგაზრდული მოძრაობა “ამრა” ევროსაბჭოს მხარდაჭერით განახორციელებს.
დაურ ბუავა: "დემოკრატიის ფორუმი იყო საინტერესო გამოცდილება ჩემთვის, მნიშვნელოვანი იყო ჩემი ორგანიზაციის სამომავლო ნაბიჯებისთვის, პროექტებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებიც შედგა. დახურულ შეხვედრებზე მათ შორის ვისაუბრე რუსულ პროპაგანდაზეც და იმ გამოწვევებზე, რომლებიც გვაქვს აფხაზ ახალგაზრდებს, როდესაც ქართველებისა და აფხაზების შერიგებაზე ვსაუბრობთ. გამოწვევების ქვეშ, რა თქმა უნდა იგულისხმება პირველ რიგში ის გარე ძალა, რუსეთი, რომელიც ყველანაირად ცდილობს, მოძმე ხალხს შორის დიალოგი არ შედგეს. საქართველოში ვბრუნდები ახალი იდეებით, მოტივირებული, საინტერესო კონტაქტებით. მე მივმართე ჩემს აფხაზ მიმდევრებს ტიკ-ტოკის მეშვეობით, რომ ევროპის კარი ყველასთვის ღიაა, რომ მე ვირჩევ დემოკრატიას, პროგრესს, ნათელ მომავალს და მოვუხმობ მათაც იგივე არჩევანი გააკეთონ. მზად ვარ მოვუსმინო მათ, მივიღო ნებისმიერი იდეა, პროექტი, რომელიც აფხაზ ახალგაზრდებს ექნებათ და განვახორციელო მათთან ერთად”.
შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს ორგანიზაცია “ამრა” ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვია. დაურ ბუავა სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტში, ბრიუსელში. ის დამსწრე საზოგადოებას აფხაზურად მიესალმა და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.